ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები 2022 წლის “RUSTAVELI-DAAD”-ის სტიპენდიატები არიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა: დოქტორმა ნანა გრატიაშვილმა და დოქტორანტებმა: ნინო ქაჩლიშვილმა, ლელა არაბულმა, ანი ბიკაშვილმა და თამარ ედიშერაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი “Rustaveli-DAAD-ის“ კვლევითი სტიპენდია მიიღეს.

ნანა გრატიაშვილის “Rustaveli-DAAD-ის“ მიერ დაფინანსებული კვლევა: რეპროდუქციული სტრატეგიები ჭიანჭველა Cardiocondyla elegans

პროექტი დაიწყო 1 ივნისს და დამთავრდა 30 სექტემბერს. კვლევა ძირითადად შეისწავლის ამ სახეობის ჭიანჭველას ქცევით თავისებურებას, რაც გამოიხატება Cardiocondyla elegans-ის მუშების მიერ ზურგზე მოკიდებული მდედრების გადაყვანაში თავიანთი ბუდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით და მათი დატოვებით სხვა, არანათესავი კოლონიის ბუდესთან. ამით მუშები ხელს უწყობენ თავიანთი დედოფლების შეწყვილებას უცხო კოლონიის უფრთო მამრებთან. ეს არის განსაკუთრებული სისტემა, როდესაც მესამე მხარე – დები – ხელს უწყობენ თავიანთი დების აუტბრიდინგს. მესამე მხარის ჩართულობა რეპროდუქციაში არის აქამდე უცნობი ასპექტი და გამოხატულია მხოლოდ ადამიანებში. ქცევითი ექსპერიმენტების გარდა ჩატარდა გენეტიკური და მორფომეტრიული კვლევებიც.

აღნიშნული პროექტი წარმატებით განვითარდა და მკვლევარმა მიიღო კვლევის გაგრძელების შემოთავაზება რეგენსბურგის უნივერსიტეტიდან.

ნინო ქაჩლიაშვილის “Rustaveli-DAAD-ის“ მიერ დაფინანსებული კვლევა: მტკნარი წყლის მოლუსკების ჯგუფი – ანცილუსები

ძირითად საკვლევ საკითხს ამჟამად წარმოადგენს იმის დადგენა, ანცილუსის გვარის რამდენი სახეობაა გავრცელებული საქართველოში და რომელი სახეობებია ესენი.

ამ ეტაპზე დაგეგმილია ანცილუსის გვარის სავარაუდო სახეობათა მთლიანი გენომის დასექვენირება, მათი მორფოლოგიის შესწავლა. სავარაუდოდ, მორფოლოგიური და გენეტიკური მონაცემების ერთად გაანალიზება საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ ანცილუსის გვარის სახეობათა რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე. მიღებული შედეგები მომავალში წარმოდგენილი იქნება სტატიის სახით და გამოყენებული იქნება სადოქტორო ნაშრომში.

ლელა არაბულის “Rustaveli-DAAD-ის“ მიერ დაფინანსებული კვლევა: საქართველოს მოლუსკებში გავრცელებული ტრემატოდების კვლევა მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდებით

ადამიანისა და ცხოველების ინვაზიურ დაავადებებს შორის მნიშვნელოვანია ჰელმინთოზები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას და დიდ ზარალს აყენებენ მეცხოველეობასაც. დიგენეზური ტრემატოდები (Digenea) პარაზიტულ ორგანიზმებს შორის ერთ-ერთი სახეობრივად მდიდარი ჯგუფია. ისინი იწვევენ ისეთ ანთროპოზოონოზურ დაავადებებს, როგორებიცაა – ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომოზი, ბრახილემიდოზი, ოპისტორხოზი, შისტოსომოზი და სხვა. ტრემატოდოზების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელია ჰელმინთების ამ ჯგუფის ბიოლოგიის, ეპიზოოტოლოგიური ჯაჭვის ყველა რგოლის კვლევა, მათ შორის, წყლისა ხმელეთის მოლუსკებში მობინადრე ლარვული ფორმების ტაქსონომიური ანალიზი. ტრემატოდების ლარვული ფორმების სახეობების იდენტიფიკაციისთვის კი მორფოლოგიური მონაცემების გარდა, აუცილებელია კვლევის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდები. საქართველოს სხვადასხვა ეკოსისტემებიდან შეგროვებულ წყლისა და ხმელეთის მოლუსკებში გამოვლენილია დიგენეზური ტრემატოდების ლარვული ფორმები განვითარების სხვადასხვა სტადიაზე (სპოროცისტი, რედია, ცერკარია, მეტაცერკარია), რომლებიც მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით და მორფომეტრიული მონაცემებით გარკვეულია გვარის დონემდე: 1.Tylodelphys; 2. Opisthioglyphe; 3. Plagiorchis; 4.Cotylurus; 5. Mesostephanus; 6. Haplorchis; 7. Notocotylus; 8. Echinostoma; 9.Dicrocoelium; 10. Brachylaima; 11. Microphallus.

პროექტის ფარგლებში მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს საქართველოს წყლისა და ხმელეთის მოლუსკებში გავრცელებული ტრემატოდების სახეობათა იდენტიფიკაცია, ლარვული ფორმების ტაქსონომიური ანალიზი, ფილოგენეზური ანალიზი.

ანი ბიკაშვილის “Rustaveli-DAAD-ის“ მიერ დაფინანსებული კვლევა: საქართველოს ორსაგდულიანი მოლუსკების (Bivalvia: Sphaeriidae) მრავალფეროვნება, გავრცელება და ფილოგენეტიკა

კვლევითი პროექტი გულისხმობს საქართველოში გავრცელებული Sphaeriidae-ს ოჯახის სახეობების კომპლექსურ კვლევას თანამედროვე ინტეგრირებულ მიდგომებზე დაყრდნობით. კვლევის განხორციელების პერიოდი შემდეგ ძირითად ეტაპებს მოიცავს: მოლეკულურ გენეტიკური კვლევა, ფილოგენეტიკური ანალიზი, სახეობების ტრადიციული მორფო – ანატომიური და მორფომეტრიული კვლევა. შედეგად მოხდება Sphaeriidae-ს ოჯახის ყველა სახეობისთვის დნმ ბარკოდების ბიბლიოთეკის შექმნა, ტაქსონომიური სტატუსის განსაზღვრა, ეკოლოგიური მოთხოვნების შეფასება და ზუსტი გეოგრაფიული გავრცელების დადგენა. კვლევის ფარგლებში მოსალოდნელია ახალი სახეობების აღმოჩენა.

თამარ ედიშერაშვილის Rustaveli-DAAD-ის მიერ დაფინანსებული კვლევა: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრების გამრავლება, გამოზრდა და ტელემეტრიული გამოკვლევები

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბინადრობდა და, სავარაუდოდ, დღესაც ბინადრობს ზუთხისებრების ექვსი სახეობა, ესენია: რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedtii), ჯარღალა (A. nudiventris), კოლხური ზუთხი (A. persicus colchicus), ტარაღანა (A. stellatus), ევროპული ზუთხი (A. sturio) და სვია (Huso huso). ყველა ეს სახეობა შეტანილია IUCN-ის (International Union for Conservation of Nature) წითელ ნუსხაში, როგორც კრიტიკულად საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები (CR). ლიტერატურის მიხედვით, შავი ზღვის აუზიდან მხოლოდ ორ მდინარეს შემორჩა ზუთხის ქვირითობისთვის შესაფერისი ჰაბიტატი. ეს მდინარეებია: დუნაი და რიონი. ეს ფაქტი მდინარე რიონს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურადაც. შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიის სანაპირო ზოლში დღემდე მცირე რაოდენობის კონსერვაციული ღონისძიებები განხორციელდა. ახალი ინფორმაცია ქართული ზუთხის შესახებ მნიშვნელოვანია კონსერვაციული საქმიანობის ეფექტური დაგეგმვისთვის და საერთაშორისო მეცნიერებისთვის. ლეიბნიცის მტკნარი წყლის ეკოლოგიისა და შიდა წყლების ინსტიტუტში (The Leibniz Institute of Freshwater Ecology and Inland Fisheries”) (IGB) ახორციელებენ ზუთხებთან დაკავშირებულ პროექტებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ზუთხის სახეობებისთვის. IGB-ის ზუთხისებრების აღდგენის სამუშაო ჯგუფი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახორციელებს უამრავ ex-situ და in-situ კონსერვაციის პროექტს ზუთხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ზუთხი საქართველოში საფრთხის წინაშე დგას, ღირებული იქნება გერმანული გამოცდილების გაზიარება და მათი პრაქტიკაში გადმოტანა საფრთხეების შესამცირებლად.

დოქტორ გესნერის მეთვალყურეობის ქვეშ IGB-ის ზუთხის აღდგენის სამუშაო ჯგუფთან ერთად ხორციელდება ევროპული (A. sturio) და ბალტიის ზუთხის (A. oxyrinchus) ხელოვნური გამრავლება ბუნებაში და საზუთხეებში. მდინარე ელბაში ხორციელდება ზუთხისებრების ტელემეტრიული კვლევები, რომლის ათვისებაც შედის პროექტის გეგმებში.

2022 წელი

Facebook